ვანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

დღეს გამგებელი ზაზა ხურციძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზედავანის და გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში  შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია .

როგორც ბატონმა ზაზამ აღნიშნა: პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.

„მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდეს“ -განაცხადა ზაზა ხურციძემ.

წელს ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტს წარმოადგენს: სოფლის რამდენიმე უბანში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრთან მისასვლელ გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა და სოფლის ადმინისტრაციული შენობის მოწესრიგება. გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში კი მთავარ პრობლემას მოსახლეობის  გამრიცხველიანების საკითხი და   საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს.

15 მარტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში დასრულდება . შემდეგ ეტაპზე  კი დაიწყება პროგრამის გახორციელებისთვის საჭირო სამუშაოები.