#მადლობათავისუფლებისთვის
ვანში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღეს დილით ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად 9 აპრილის სკვერში მივიდა და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგვიანებით კი ამავე სკვერში ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეების მიერ, გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით – ,,თავისუფლების სამადლობელი.”
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ვანში მცხოვრებ ქალბატონ ხათუნა გალდავას , ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით 500 ლარი ჩაერიცხება.
ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად 21 მომიტინგე დაიღუპა, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.
მადლობა თავისუფლებისთვის !