ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დიხაშხოს, სულორის და ძულუხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა. დღის მანძილზე მიმდინარე შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა წარმოადგენს. სოფელ ისრითში ადგილობრივები მინი სტადიონის მოწყობას და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას უჭერენ მხარს. ციხისუბანში კი მოსახლეობისთვის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ,სასაფლაოს შემოღობვა და საბოგირე გადასასვლელის მოწყობაა პრიორიტეტული. დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 46 000 ლარია გამოყოფილი. სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის მოწყობას და სკვერის რეაბილიტაციას უჭერენ მხარს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფილი. ძულუხის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებისთვის მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა, სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია, საბოგირე გადასასვლელების რეაბილიტაცია და ადმინისტრაციულში შენობის ეზოს შემოღობვაა პრიორიტეტული. მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფილი. ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვალს დასრულდება.