დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე,იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსი მამუკა ცინცაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო არის სამსახური, რომელიც ახორციელებს ტყის ფონდის მართვას, უზრუნველყოფს ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობის დაგეგმვას და განხორციელებას, მათ შორის, მოსახლეობის მერქნულ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ტყეების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს.
ამავდროულად, სააგენტო პასუხისმგებელი იქნება ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრად გამოყენებაზე, განახორციელებს ტყითსარგებლობის რეგულირებასა და კონტროლს.
როგორც შეხვედრიდან გაირკვა 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა ახალი ტყის კოდექსი ,რომელიც დაარეგულირებს ტყითსარგებლობის წესებს.
„ზოგადად ვანის მუნიციპალიტეტში ტყითსარგებლობის წესების დაცვის კუთხით რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობაა, აქ არ ხდება ტყეების უმოწყალო ჩეხვა, რითაც მისაბაძია ვანი,მაგრამ სადაც არსებობს გაჩეხილი ტყის მონაკვეთები უახლოეს მომავალში მოხდება მათი აღდგენა,პროცესში ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობა სკოლის და ბაღის აღსაზრდელები, ნერგებით ჩვენ უზრუნველგყოფთ და მოეწყობა მასშტაბური გამწვანების აქცია, ამით გაიზრდება მოსახლეობის ჩართულობის როლი ამ უდიდეს საქმეში.“- განაცხადა ,იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მამუკა ცინცაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხს, როგორც გაირკვა, სოფლებში ამ კუთხით ჯერ-ჯერობით პობლემები არ არის.