იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლმა ირაკლი თოფურიამ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე და დასრულებული საავტომობილო გზების, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტები დაათვალიერეს.
მიმდინარე წელს ვანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 460 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოები ძირითადად მოიცავს გადახურვას, სველი-წერტილების და კარ-ფანჯრების მოწესრიგებას.
ვანში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 545 648 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწესრიგებლად 3 320 012 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ,ამ მიმართულებით სოფლის მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 570 000 ლარია გამოყოფილი.