ვანის მუნიციპალიტეტში დღეს იმერეთის ვიცე გუბერნატორი ბესიკ გოფოძე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, 21-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის ,,დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი გააცნო, რომელიც ,,კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ პრეზენტაციის სახით დეტალურად იყო წარმოდგენილი ახალი ქვეკომპონენტი კენკროვანი კულტურების შესახებ.
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ვიცე გუბერნატორმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდა მაქსიმალურად აითვისონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, რათ მიიღონ მეტი სარგებელი და ამავდროულად განავითრონ სოფლის მეურნეობა.
აღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს.
ქ.ვანი, თავისუფლების ქუჩა N65 ,მერიის შენობა, მეორე სართული.