ვანის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი,იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვდრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობასთან, სპორტთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს .
საკონსულტაციო საბჭოს სხდომის თემას წარმოადგენდა ასევე, 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები და ინფორმაციის მოსმენა ტენდერების შესახებ.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრული რეაბილიტაციის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სტუმრებმა ასევე ქალაქ ვანში ტაბიძე-ბაგრატის ქუჩების დამაკავშირებელი ახლადრეაბილიტირებული ხიდიც დაათვალიერეს.
აღნიშნული ხიდი,შარშან სტიქიის დროს დაზიანდა და მასზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა .დღეს ძველი ხიდის ნაცვლად აგებულია რკინა-ბეტონის სამმალიანი კონსტრუქცია, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო მიმოსვლისთვის.