ვანის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. მდებარეობს იმერეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რელიეფის მთავარი ერთეულებია მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთა, იმერეთის დაბლობი და მათ შორის გარდამავალი სამხრეთი იმერეთის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს. ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი. ვანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სულორი, ყუმური და სხვები. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ.
მთავარი წიაღისეულის სიმდიდრეა სამშენებლო მასალები: ანდეზიტი, ბაზალტი, ალებასტრი (ინაშაური), კერამიკული თიხა, კირქვა (ისრითი), მინერალური წყლები (ინაშაური, სულორი, ჭოკიანი), თერმული წყლები (ამაღლება, სულორი).
ვანის მუნიციპალიტეტში 21 ადმინისტრაციული ერთეულია: ქ. ვანი, შუამთა, მუქედი, ციხესულორი, დიხაშხო, გადიდი, გორა, ტობანიერი, ამაღლება, მთისძირი, ფერეთა, სალომინაო, სალხინო, საპრასია, სულორი, უხუთი, ყუმური, ზედავანი, ზეინდარი, ძულუხი და ბზვანი.
ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. სავარგულებს უკავია 16,2 ჰა. ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა და ალადასტური. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა.
მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი ვანი, რომელიც საავტომობილო გზები უკავშირდება ქალაქებს: ქუთაისს, ბაღდათს, სამტრედიას და ლანჩხუთს. ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს ქუთაისიდან და სამტრედიიდან.
ვანის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. მისი სრული რეაბილიტაცია დასრულდა 2020 წელს, რის შედეგად ვანის მუზეუმი გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ამიერკავკასიის რეგიონში. არქეოლოგიურ მუზეუმში განთავსებულია სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები. მუზეუმში დაცულია მოპოვებული არქეოლოგიური მასალები, წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები. მსოფლიოში ,,ოქრომრავალი კოლხეთი“-ს სახელით ცნობილი გამოფენის ყველა ექსპონატი მოპოვებულია ვანის ანტიკური ნაქალაქარის გათხრების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი დაბრუნდა მუზეუმში. მუზეუმ-ნაკრძალის კომპლექსის შემადგენელი კომპონენტებია – ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და თავად მუზეუმი. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე არის ბალნეოლოგიური კურორტები:„სულორი“ და „ამაღლება“, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით.
ვანის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები: შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია; მელოური სციხე და XIV ს. მელოურის ეკლესია სოფ. ძულუხში; XII-XIII ს.ს. მთავარანგელოზის ეკლესია; თამარის ციხე სოფ. ინაშაურში; ბზვანის მღვიმე; გორმაღალის ციხე სოფ. სულორში; ნათლისღების სახელობის ეკლესია სოფ. შუამთაში; XVIII ს სამების ეკლესია სოფ. დიხაშხოში; XI ს ეკლესია სოფ. გადიდი; XVI ს ეკლესია სოფ. სალომინაოში; ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX ს ეკლესია სოფ. ზედაბზვანში; 1619 წლის მაცხოვრის ეკლესია სოფ. ამაღლებაში; შუა საუკუნეების ციხე, ეკლესია და კოშკი სოფ. ისრითში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფ. ქვედა მუქედში; ციხესიმაგრე სოფელი მაისაოურში; ლეგენდის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, კოლხეთის ცისქვეშ, ,,მოღალულ სულს რომ ასე ენათესავება“, სად ,,ცა, მიწა, სავსეა მარადი ლირიკით“, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადა ,,ბედნიერი ორი გენია“, სამშობლოსთვის გულმხურვალე ორი მლოცველი, ორი შეუდარებელი პოეტი – გალაკტიონი და ტიციანი. გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლ- მუზეუმების ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი, რომელიც არის ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. სოფელ ტობანიერში ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმი.