,,პოეტთა მეფე’’ ამ ეპითეტით მოიხსენიებენ ქართველთა სიამაყეს გალაკტიონ ტაბიძეს, რომლის ლექსები გულგრილს არავის ტოვებს. მისი შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. გალაკტიონის ლექსები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე: რუსულ, ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ და სხვა.
ტიციან ტაბიძე -ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, ,,ცისფერყანწელთა’’ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ .უნიჭიერსი ადამიანი და დიდი პატრიოტი, რომელიც საბჭოურმა წლებმა იმსხვერპლა, თუმცა ჩვენამდე მოაღწია მისმა ათობით ლექსმა და ჩანაწერმა.
უდიდესი სიამაყით გვინდა წარმოგიდგინოთ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი.ეს ბუმბერაზი პოეტები სწორედ რომ ვანის მიწა წყლის შვილნი გახლდნენ. კოლხეთის ცის ქვეშ, ,,მოღალულ სულს რომ ასე ენათესავება’’ , სადაც ,,ცა და მიწა სავსეა მარადი ლირიკით’’ მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადა ,,ბედნიერი ორი გენია’’ სამშობლოსთვის გულმხურვალე ორი მლოცველი, ორი შეუდარებელი პოეტი – გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები. სახლ-მუზეუმი მდებარებს სოფელ ჭყვიშში, მდინარე რიონის ნაპირთან. მუზეუმში სრულადაა წარმოდგენილი უძველესი სახლი, პოეტთა მაგიდები და პირადი ნივთები, ფოტოები და ილუსტრირებული ფრაგმენტები მათი ცხოვრებიდან.