სკოპინგის დასკვნა: ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში ან გაეცანით ქვემოთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დამგეგმავი ორგანო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, 2022 წლის 21 დეკემბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის განცხადება და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი. საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, თანდართული დოკუმენტაცია და სკოპინგის განცხადება, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, განთავსდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (ელ. ბმული- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1209), საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიის საინფორმაციო დაფებსა და ოფიციალურ ვებგვერდებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.moesd.gov.ge/?page=projects&s=49). ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან, კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე 10-წლიანი პერიოდისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოფს მის განხორციელებას. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში გამოყენებულ ყველა ენერგეტიკულ რესურსს და მოიცავდეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოლიდარულობის, ენერგეტიკული ბაზრების, სათბური აირების ემისიების შემცირების, ენერგეტიკული სექტორის ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობისა და ენერგიაზე მოთხოვნის მართვისკენ. ეროვნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მიმართულების მიზნებს და აღწერდეს თითოეული მიზნის მისაღწევად აუცილებელ პოლიტიკას და მის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს. ეროვნული გეგმა მტკიცდება სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის ან მისი დანართის სახით. ეროვნული გეგმა უნდა მომზადდეს და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის (NECP) მიზანია, განსაზღვროს არსებული, დაგეგმილი და შესაძლო ინვესტიციები და პოლიტიკა, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოესი წლების განმავლობაში. NECP უნდა მოიცავდეს 2021 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს. NECP-მა უნდა განსაზღვროს სამიზნე მაჩვენებელები: განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობის, სათბურის გაზების ემისიისათვის მინიმუმ 2030 წლამდე და 2050 წლამდე ხედვით. სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრის პროცესი, საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სავალდებულო ნაწილს წარმოადგენს და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან. დოკუმენტაციის თანახმად, ენერგეტიკისა და კლიმატის 2021-2030 წლების ეროვნული ინტეგრირებული გეგმა აგებულია არსებული ეროვნული სტრატეგიებისა და გეგმების საფუძველზე. გეგმაში მოცემულია არსებული ენერგეტიკული სისტემის, ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის მიმოხილვა. გეგმაში განხილულია ეროვნული მიზნები და ამოცანები ენერგეტიკული კავშირის ხუთი ძირითადი მიმართულების მიხედვით და მათ მისაღწევად განსაზღვრულია პოლიტიკა და ღონისძიებები. ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაში განხილულია ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების მიერ განსაზღვრული ხუთი ძირითადი მიმართულება: ● მიმართულება 1: დეკარბონიზაცია, რომელიც თავის მხრივ შედგება ორი ელემენტისგან: სათბურის აირები (ემისიები და ამ ემისიების შემცირება) და განახლებადი ენერგიის წყაროები; ● მიმართულება 2: ენერგოეფექტურობა; ● მიმართულება 3: ენერგეტიკული უსაფრთხოება; ● მიმართულება 4: შიგა ენერგობაზარი; ● მიმართულება 5: კვლევები, ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა. დოკუმენტის მომზადების მიზნით გამოყენებულია TIMES-(The Integrated MARKAL-EFOM System) მოდელირების პროგრამა, რომელიც გამოიყენება გრძელვადიანი ენერგეტიკული სცენარების შესადგენად. რაც შეეხება ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. ენერგეტიკამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის ხარისხიანი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად ქვეყნის ყველა მომხმარებლისთვის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ინტერესების დაცვით. დოკუმენტაციის თანახმად, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება მოითხოვს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ასევე - ენერგიის მოხმარების ეფექტიანობის სწრაფ ამაღლებას, რათა აღმოიფხვრას ჩამორჩენა მოთხოვნის ზრდასა და შიდა მიწოდებას შორის. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებია: ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა და დამოუკიდებელი რეგულირების უზრუნველყოფა, სექტორის ეფექტიანობის ამაღლება, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, პარტნიორული ურთიერთობებისთვის გახსნილობა დაინტერესებულ მხარეებთან, გამჭვირვალობა და კარგი მმართველობა, ენერგეტიკაში ევროკავშირის სტანდარტების და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის დანერგვა. დოკუმენტაციის თანახმად, სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: ● გარემოზე ზემოქმედების შემცირება, რაც მოიცავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და ადაპტაციას, ასევე განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას; ● ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაც დოკუმენტის თანახმად, მიიღწევა მიწოდების რისკების და გარე დამოკიდებულების შემცირებით, ენერგორესურსების, მიწოდების წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაციით და ენერგოსისტემის მედეგობის ამაღლებით, რაც ასევე, მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგოეფექტიანობის ამაღლებასთან, ადგილობრივი წიაღისეული და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასთან, სტრატეგიული რეზერვების, ენერგოსისტემის მოქნილობისა და ენერგობაზრების განვითარებასთან; ● ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა; ● კვლევა, ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარება; ● ენერგოეფექტურობა. ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანებია ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, აღნიშნულთან დაკავშირებით, ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტში მიმოხილულია არსებული სიტუაცია, ქვეყნის ენერგეტიკული უზრუნველყოფის საფრთხეები და რისკები. დოკუმენტის თანახმად, საქართველო ენერგიის მოთხოვნის 81%-ის გარე წყაროებით იკმაყოფილებს, რაც მოწოდების რისკების გათვალისწინებით, კრიტიკულად მაღალი მაჩვენებელია. მოხმარებული ენერგიის ძირითადი სახეობები - ბუნებრივი გაზი, რომელიც მთელი პირველადი მიწოდების 45% შეადგენს და ნავთობპროდუქტები - 26%-ს თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. დოკუმენტის თანახმად, რისკის დონეს დამატებით ზრდის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის დაბალი დონე. იმპორტდამოკიდებულების რისკები განსაკუთრებით იზრდება ზამთრის სეზონზე, როდესაც ენერგომოხმარების ზრდას თან ერთვის ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის სიმცირე და იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგიის და თბოელექტროსადგურების გამომუშავების წილი, რომლებიც რესურსად იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს იყენებენ. დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს ბუნებრივი გაზის იმპორტდამოკიდებულება - 99.64% შეადგენდა. დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 2.6 მილიარდი მ3 ბუნებრივი გაზი მოიხმარება, საიდანაც 36%-ს მოსახლეობა მოიხმარს. ბუნებრივი გაზის იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხდება. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება, როგორც აზერბაიჯანის, ასევე, რუსეთის მიმართულებიდან გამყარებულია საერთაშორისო სატრანზიტო კონტრაქტებით. „სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ნაწილია, რითაც აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზი მიეწოდება თურქეთს და ევროპას, ხოლო ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენების სისტემა უზრუნველყოფს რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულება - 96%-ს შეადგენდა 2019 წელს. ნავთობპროდუქტების იმპორტი 10-ზე მეტი ქვეყნიდან ხორციელდება, აქედან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე (ბენზინის იმპორტის 44%, დიზელის 17%) და აზერბაიჯანზე (დიზელის-28%) მოდის. საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი პირველად ენერგიაში 2019 წელს შეადგენდა 20.5%-ს, საიდანაც 15% არის ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო 5% ბიომასა - გასათბობად გამოყენებული შეშა და სასოფლო- სამეურნეო ნარჩენები. საქართველოში მოქმედი ელექტროსადგურების საერთო დადგმული სიმძლავრეა 4555,1 მგვტ. მათგან: მარეგულირებელი ჰესების - 2381 მგვტ, 985 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების (მათ შორის, 15 მგვტ-მდე (მცირე ჰესების) დადგმული სიმძლავრე შეადგენს 282 მგვტ-ს). 2021 წელს, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 12,645 მგვტ.სთ შეადგინა, საიდანაც მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ შეადგინა 5,318.1 მგვტ.სთ, მოდინებაზე მომუშავე სეზონურმა ჰიდროელექტროსადგურებმა - 4,022.1 მგვტ.სთ, საქართველოში მოქმედმა ერთადერთმა 20.7 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის გენერაციამ კი 83.2 მგვტ.სთ. ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიის წილი 2021 წლის მონაცემებით 81% შეადგინა. მყარი ბიომასის ხელმისაწვდომი მდგრადი რესურსები დაახლოებით შეადგენს 3120 ტჯ (400,000 მ3) ყოველწლიურად, ხოლო ხელმისაწვდომი მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ენერგეტიკული რესურსი დაახლოებით შეადგენს დაახლოებით 3000 ტჯ-ს. დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება შემდეგი მთავარი გამოწვევების წინაშე დგას: ● მაღალი იმპორტდამოკიდებულების და დივერსიფიკაციის ნაკლებობის გამო ენერგიის მიწოდება დაკავშირებულია ტექნიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებთან. ამასთან, ენერგიის იმპორტი დიდ დანახარჯებს მოითხოვს; ● გაზის მოხმარების მკვეთრი სეზონური, ხოლო ზამთრის პიკური მოხმარების დღეებში საათობრივი მოხმარების ცვალებადობის პირობებში საქართველოს არ გააჩნია მისი დაბალანსების საკუთარი წყარო, რაც კიდევ უფრო ზრდის გარე წყაროებზე დამოკიდებულებას და მოწოდების რისკებს ზამთრის პერიოდში. ● 2009-2019 წლებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვნად აჭარბებს წარმოების სიმძლავრეების განვითარების ტემპს. ელექტროენერგიის მოხმარების და წარმოების არსებული დისბალანსი იწვევს ბაზისური სიმძლავრის მზარდ დეფიციტს, რაც განსაკუთრებულად თვალსაჩინოა ენერგეტიკული ზამთრის პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი, ნოემბერი, დეკემბერი). გადამცემი ქსელისთვის გამოწვევას წარმოადგენს მზარდი დატვირთვა, შედეგად რთულდება საქართველოს გადამცემ ქსელში მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადობის პარამეტრების შენარჩუნება. ● ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება, ელექტრომანქანების წილის ზრდა, კრიპტოვალუტის წარმოება, ცვლადი დატვირთვის მეტალურგიული ქარხნების სიმძლავრის ზრდა და სხვა თანამედროვე მაღალი მოხმარების ტექნოლოგიების გამოყენება ართულებს ელექტროსისტემის მართვას, მოითხოვს მანევრულ სარეზერვო სიმძლავრეების, მათ შორის ენერგიის დამაგროვებლების განვითარებას და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ინოვაციური მართვის მექანიზმების დანერგვას. ● საქართველოს არ გააჩნია ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების საგანგებო სავალდებულო მარაგები, რაც უზრუნველყოფდა მის გამოყენებას კრიზისული სიტუაციების დროს. საკუთარი გადამამუშავებელი სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ნავთობპროდუქტების წარმოებას და არარენტაბელურია. ● დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არის გამართული ელექტროენერგიის აღრიცხვის და გადახდის სისტემა, რაც ზრდის ელექტროენერგიის დეფიციტს, იწვევს ელექტროენერგიის ჭარბ არაეფექტურ გამოყენებას, ენერგეტიკული სისტემის გადატვირთვასა და მიწოდების ხარისხის გაუარესებას. ანალოგიური პრობლემა აღინიშნება მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ● საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მთავარი ელექტროენერგეტიკული აქტივის, ენგურჰესის სამანქანო დარბაზი და ქვესადგური, ასევე ვარდნილი-1 ჰესი განლაგებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ● ბაქო-სუფსას ნავთობის მილსადენის მონაკვეთი გადის რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, რაც მის ოპერირებას ართულებს და საფრთეს უქმნის. ● მაღალია რუსული კაპიტალის წილი საქართველოს ენერგოსექტორში (ნავთობი, ელექტროენერგიის წარმოება და ტრანსპორტირება), რაც კიდევ უფრო ზრდის მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის ბერკეტებს, პოლიტიკური მიზნით გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ და შექმნას უსაფრთხოების რისკები. ● დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის აუნაზღაურებელი და უკონტროლო მზარდი მოხმარება იყენებს ენგური/ვარდნილის ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დიდ ნაწილს. იაფმა ელექტროენერგიამ და კონტროლის ნაკლებობამ წაახალისა კრიპტოვალუტის გამომუშავება ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც კიდევ უფრო ზრდის მოხმარებას. ანალოგიურ პროცესებს აქვს ადგილი ასევე მესტიის მუნიციპალიტეტში, რაც მოითხოვს სახელმწიფოს მხრივ დარეგულირებას. ● მოძველებული ენერგოინფრასტრუქტურის პირობებში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა და ავტომატიზაცია ზრდის მათ დაუცველობას და კიბერ-თავდასხმების რისკს. ამასთან, საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული კიბერუსაფრთხოების პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმები ენერგეტიკაში. ● მოსალოდნელია, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების გაზრდილი სიხშირე და სიმძაფრე უარყოფით გავლენას მოახდენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და გააუარესებს ენერგიის მიწოდების საიმედოობას. დოკუმენტში აღნიშნულია ენერგეტიკული სექტორის მოწყვლადობის შესახებ სიღრმისეული კვლევისა და შესაბამისი ეროვნული ადაპტაციის გეგმის საჭიროება. ● კრიპტოვალუტის მზარდი მოპოვება და მისი ფასის მერყეობა ენერგიის მოხმარების მკვეთრ ცვალებადობას იწვევს, რაც ენერგეტიკული სისტემის მოკლე და გრძელვადიანი დაბალანსების პრობლემებს ამძაფრებს. ● საყოფაცხოვრებო და საჯარო სექტორში არაენერგოეფექტიანი შენობების სიმრავლე იწვევს გასათბობად და გასაგრილებლად საჭირო ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას. არსებული შენობების უმეტესობა 1950-2000 წწ პერიოდში აშენდა, შენობების თბო- ტექნიკური მახასიათებლებზე დაბალი მოთხოვნების პირობებში. ● საშეშე მერქნის არამდგრადი გამოყენება საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვევს ტყის ფართობის შემცირებას, საწვავის უკმარისობას და ენერგეტიკულ სიღარიბეს. დოკუმენტში ასევე მოცემულია ადმინისტრაციული რესურსის ნაკლებობის, პანდემიასთან და რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებული რისკები, ასევე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების ინფრასტრუქტურის ნაწილის ამორტიზებასა და განახლების საჭიროებასთან დაკავშირებული, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის არასტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ზრდის იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფასს. ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ დაგეგმილი, ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების მიზნები და ღონისძიებები. მიზნებს წარმოადგენს: ● ენერგორესურსების, მათი მიწოდების წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია. ● ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ადგილობრივი, უპირატესად განახლებადი, ენერგორესურსების ათვისების გზით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ეფექტიანობის გაზრდით. ● ეროვნული ენერგოსისტემის მოქნილობის გაზრდა ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისებით, ენერგოსაცავების (წყალსაცავიანი მარეგულირებელი ჰესების და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები, შემნახველი ბატარეები, ნავთობის, გაზის და წყალბადის საცავები) და მოთხოვნის მართვის მექანიზმების შექმნის გზით. ● მდგრადი და საიმედო ენერგოინფრასტრუქტურის შექმნა. ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, გრძელვადიანი საჭიროებების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის N- 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილება, ამორტიზებული კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლება. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურაში, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების შესასყიდად ინვესტიციების მოზიდვა, ინოვაციური, გარემოსთვის უსაფრთხო და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების დანერგვა. ● ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. ● კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურის დაცვა ტექნოგენური, კინეტიკური და კიბერსაფრთხეებისგან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. ● საქართველოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული რისკების შერბილება, მინიმიზაცია. ● საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი ეფექტური აღსრულება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად იგეგმება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ● ენერგიის იმპორტის სხვადასხვა წყაროებზე დამოკიდებულების პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცირება; ● იმპორტდამოკიდებულების შემცირების მიზნით ენერგოეფექტიანი და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა. ● სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების გამოყენებით ამორტიზებული კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება. ● საქართველო ელექტროენერგიის გენერაციისა და მოხმარების სეზონური უთანაბრობის გამოწვევაზე საპასუხოდ, ასევე ენერგიის ცვალებადი განახლებადი წყაროების ინტეგრაციისთვის, ახალი სუფთა და ალტერნატიული ტექნოლოგიების, მათ შორის ენერგიის შენახვის, ჰიდრომააკუმულირებელი და მწვანე წყალბადის წარმოების ტექნოლოგიების პერსპექტიულობის შესწავლა და განვითარება, განაწილებული გენერაციის ოპტიმალური სქემების შექმნა, იზოლირებული მიკროქსელების და განახლებადი ენერგიის ადგილობრივი სისტემების ჩამოყალიბება, თბური ტუმბოების და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების განვითარება. ● ნახშირწყალბადების საკუთარი მარაგების ძებნა-ძიებასა და ოპტიმალურ გამოყენების ხელშეწყობა. არსებული და პოტენციური წიაღისეული რესურსების მარაგების შესწავლითა და რაციონალური გამოყენებით საქართველო შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ● მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიწოდებისა და მოხმარების სეზონური და დღე-ღამური ცვალებადობის დასაბალანსებლად და შესაძლო წყვეტების შესამცირებლად, ბუნებრივი გაზის საცავის (250 მლნ. მ3 აქტიური და 500 მლნ.მ3 სრული მოცულობის) მშენებლობა ან სხვა ალტერნატული გადაწყვეტის შემუშავება და დანერგვა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საგანგებო მარაგების შექმნა (2009/119/EC დირექტივის შესაბამისად). ● ქვეყანაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გამოყენების შესაძლებლობების კვლევა და ადგილობრივად გადამუშავებული ნავთობპროდუქტების მოცულობების გაზრდა. ● მოქმედი მოძველებული თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება კომბინირებული ციკლით მომუშავე გაზის ტურბინიანი თბოელექტროსადგურებით. ● შეშის მდგრადი გამოყენებისა და ბიომასის თანამედროვე ენერგოპროდუქტების განვითარების ხელშეწყობა. ● გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია და მათ შორის სხვადასხვა პროდუქტად [მაგ. თხევადი გაზი (LNG), დაჭირხნული ბუნებრივი (CNG) და თხევადი ნავთობის გაზის (LPG)] მიღება და ამ პროდუქტების მიწოდება მაღალმთიან რეგიონებში, რომლებშიც გაზსადენები არ არის გაყვანილი. ბიოგაზის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა. ● კრიპტოვალუტის უკონტროლო და მზარდი მოპოვების ენერგეტიკულ სისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების დასარეგულირებლად, სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შესაბამისი მიდგომისა და ღონისძიებების შემუშავება. ● კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კინეტიკური და ბუნებრივი საფრთხეებისგან. ● გაზის მიწოდების ყველა ტიპის რისკის შეფასება. ● რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დროებითი ოკუპაციის საფრთხეების შესამცირებლად თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ● ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასების ჩარჩოსა და საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებით სექტორის ეფექტიანობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება. დოკუმენტის თანახმად, ელექტროენერგეტიკიის და გაზის სექტორში განახლებული სცენარები დამუშავდა ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმის ერთიანი ენერგეტიკული განახლებული სცენარების საფუძველზე, TIMES Georgia ეკონომიკური ოპტიმიზაციის მოდელის გამოყენებით. მოდელირების მიხედვით, NECP სცენარის ძირითადი დასკვნები და შეფასებები გაკეთებულია 2030 წლამდე, ხოლო სცენარები დათვლილია 2050 წლამდე. განიხილება ორი სცენარი: 1. საბაზისო, ანუ WOM (Without measures) სცენარში იცვლება გარეშე ფაქტორები (ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები, მოსახლეობა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომოხმარება) და შესაბამისად, დგინდება მოთხოვნილება სხვადასხვა ენერგეტიკულ მომსახურებაზე. ამ სცენარში არ განიხილება არცერთი NECP-ში შესული ღონისძიება, იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს საბაზისო სცენარი, რომლის მიმართაც მოხდება გასატარებელი ღონისძიებების შედეგების შეფასება. რაც შეეხება მთავარ - NECP სცენარს, ამ შემთხვევაშიც გარეშე ფაქტორები იცვლება ისევე როგორც WOM სცენარში, თუმცა, ამავე დროს ხორციელდება მთელი რიგი დაგეგმილი ღონისძიებებისა. დოკუმენტის თანახმად, NECP სცენარის შედარება WOM სცენართან აჩვენევს, თუ რა შედეგი ექნება მთლიანი ენერგეტიკული სისტემის როგორც მიწოდების, ასევე, მოხმარების მხარეს, NECP-ში გათვალისწინებული ღონისძიებების ერთობლიობას, მათ შორის, პირველადი ენერგიის მოთხოვნილების შემცირებას, ენერგიის მიწოდების და მოხმარების ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე. NECP სცენარის მიზანია შემცირდეს იმპორტირებული ელექტროენერგიის (რომელიც გულისხმობს იმპორტირებული ელექტროენერგიის და თბოგენერაციის ჯამს) წილი ჯამურ ელექტროენერგიის მოხმარებაში 30%-დან (2016-2019 წლების საშუალო) 15%-მდე (2030 წლის მიზანი). NECP სცენარის სამიზნე მაჩვენებლების მიხედვით, შენობების სექტორში 2025 წლიდან საბოლოო ენერგიის მოხმარება სრულად გამთბარ შენობებში მცირდება დაახლოებით 45%-ით საყოფაცხოვრებო, ხოლო კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში 33%-ით კვადრატულ მეტრზე. სამიზნე სცენარის მიხედვით, 2025 წლიდან მხოლოდ ენერგეტიკულად ეფექტიანი გათბობა-გაგრილების სისტემები და ნათურებია ხელმისაწვდომი. ტრანსპორტის ნაწილში 2030 წლისთვის მთლიან ავტოპარკში ჰიბრიდული მანქანების წილი იზრდება 40%-მდე, ხოლო ელექტრომანქანების წილი 10%-მდე. ასევე, გაკეთებულია კონკრეტული დაშვებები ავტომანქანების წვის ეფექტიანობის მხრივ. მრეწველობის სექტორში სამიზნე მაჩვენებლები ძირითადად დაგეგმილია ენერგიაშემცვლელები ეფექტიანი მოხმარების მხრივ. სცენარში გათვალისწინებულია 2030, 2040 და 2050 წლისთვის პირველადი ენერგიის მიწოდების მაჩვენებლები. განახლებადი ენერგიის მიწოდება 2050 წლისათვის 2019 წელთან შედარებით იზრდება 8 პროცენტული პუნქტით 24%-მდე, გაზის მოხმარება მცირდება 3 პროცენტული პუნქტით 42%-მდე და ნავთობპროდუქტების მოხმარება 27%-დან პირველად მიწოდებაში მცირდება 21%-მდე. მოდელირების შედეგების მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება ზომიერად მზარდია. 2019-2050 წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების საშუალოწლიური ზრდა 2.2%-ია. დაშვებების მიხედვით, მოხმარება სოფლის მეურნეობის სექტორში ძირითადად სამაცივრე მეურნეობების და საირიგაციო სისტემების განვითარების ხარჯზეა მოსალოდნელი, სატრანსპორტო სექტორში კი, ჰიბრიდული და ელექტროძრავაზე მომუშავე მანქანების რაოდენობის ზრდით. მოდელის დაშვებების მიხედვით, მოხმარების ზრდა კომერციულ სექტორში 2.7%-ით, მრეწველობის სექტორში კი 2.1%-ით არის ნავარაუდები. გრძელვადიან, 2019-2050 წლიან, პერიოდში მოდელში დაშვებულია, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარება არითმეტიკული პროგრესიით იზრდება, რაც საშუალოდ წლიურ 1.6%-იან ზრდას ნიშნავს. ამ დაშვებას საფუძვლად უდევს შემდეგი მოსაზრება, რომ მოხდება ენგურჰესიდან მიწოდების მეტი კონტროლის დამყარება, აღრიცხვის და გადახდის ეტაპობრივი მოწესრიგება და შესაბამისად, კრიპტოსიმძლავრეების შემცირება, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის მოწესრიგება. ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში, იგეგმება 5 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის, ხოლო 221 მგვტ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. 2025 წლამდე დაგეგმილია 500 მეგავატი სიმძლავრის ქარის და 250 მეგავატი მზის ელექტროსადგურების განვითარება, თუმცა, მათი ქსელში უსაფრთხო ინტეგრირებისთვის საჭიროა საბალანსო მექანიზმების ამოქმედება. NECP სცენარის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ჯამური დადგმული სიმძლავრე იზრდება 6 487.5 მეგავატამდე, ჰესების წილი ქვეყნის დადგმულ სიმძლავრეში კი 61%-ზე მეტი ხდება. 2030 წლისთვის გათვალისწინებულია დამატებით 433 მეგავატი მარეგულირებელი და 234 მეგავატი სიმძლავრის მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების (667 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების), 730 მეგავატი ქარის სადგურების და 560 მეგავატი მზის ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლა. თბოელექტროსადგურების სიმძლავრე გაიზრდება მხოლოდ 90 მეგავატით, რაც ძველი ენერგობლოკების ახალი მაღალეფექტიანი სადგურებით ჩანაცვლებით აიხსნება. 2040 წლისთვის ელექტროენერგეტიკული სიმძლავრეები იზრდება 7 894 მეგავატამდე, ძირითადად მზისა და ქარის ენერგიის ხარჯზე, რომელთა დადგმული სიმძლავრეების ნაზარდი 2030 წელთან შედარებით 780 და 520 მეგავატს შეადგენს, შესაბამისად. ჰიდროელექტროსადგურების პორტფელი იზრდება დამატებით მხოლოდ 310 მეგავატი მარეგულირებელი სიმძლავრით, ხოლო თბოელექტროსადგურების მუშა სიმძლავრე მცირდება 210 მეგავატით. საპროგნოზო პერიოდის ბოლოს, 2050 წელს, გენერაციის ჯამური დადგმული სიმძლავრე 9 400 მეგავატს აღწევს. 2040 წელთან შედარებით ჰიდროპროექტების სიმძლავრე იზრდება 1210 მეგავატი მარეგულირებელი სიმძლავრით, ქარის პროექტების წვლილი 300 მეგავატია, ხოლო ჯამურ სიმძლავრეს მზის სადგურების მხოლოდ 60 მეგავატი ემატება. პროექციის მიხედვით, ექსპლუატაციიდან გამოსულია 13 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირის სადგური. TIMES Georgia მოდელის დაშვების მიხედვით, შენდება ის სადგურები და იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების დაკმაყოფილებისთვის. შესაბამისად, 2030 წლისთვის მიღწეულია ნულოვანი იმპორტდამოკიდებულება. თუმცა, ჰიდრორესურსების სეზონურობიდან გამომდინარე, გაზაფხულის რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტირება. 2030 წელს შესაძლებელია დაახლოებით 1000 გვტსთ ელექტროენერგიის ექსპორტი, 2040 წელს - 1300 გვტსთ, ხოლო 2050 წელს 1 900 გვტსთ ენერგიის ექსპორტი. დოკუმენტის თანახმად, NECP და WOM სცენარების შედარებისას დადგინდა, რომ WOM სცენარის განხორციელების შემთხვევაში საჭირო იქნებოდა შესაბამისი სიმძლავრის ჰიდრო და თბოსადგურების მშენებლობა, თუმცა, ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ კი ქარისა და მზის ენერგიების მოდელში ჩართვით, მიიღება ზუსტად იმავე მოხმარებას უფრო ნაკლები ფულადი რესურსის დახარჯვით. NECP სცენარის მიხედვით, წლების განმავლობაში შენდება ნაკლები ჰიდროელექტროსადგურები, სამაგიეროდ იზრდება ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი. NECP სცენარის მიხედვით ბუნებრივი გაზის მოხმარება საქართველოში 2030 წლისთვის 3 მილიარდ მ3-ს (116 398 ტჯ), 2040 წლისთვის 3.5 მილიარდს (135 228 ტჯ), ხოლო 2050 წლისთვის კი 4 მილიარდ მ3-ს გადააჭარბებს (153 299 ტჯ). ნავარაუდებია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი გაზის საშუალო წლიური მოხმარება ყოველწლიურად 1.6%-ით გაიზრდება. რესურსზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება მრეწველობის სექტორსა და არაენერგეტიკული მიზნებისთვის. ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირება დაგეგმილია თბოელექტროსადგურების შემთხვევაში, რაც არაეფექტიანი თბოელექტროსადგურების ახალი, კომბინირებული ციკლის სადგურების ჩანაცვლებით მიიღწევა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების მიზნით განიხილება მიწისქვეშა გაზსაცავის, ან ბუნებრივი გაზის დამარაგების ალტერნატული ობიექტის აშენება. არსებული გეგმის მიხედვით, სამგორის სამხრეთის თაღის ნავთობის საბადოზე გაზის საცავი უნდა ამოქმედებულიყო 2024 წლისთვის, თუმცა, COVID-19 პანდემიის გამო, პროექტი ამჟამად შეჩერებულია. ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია ასევე ინფორმაცია ენერგოეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, დოკუმენტის თანახმად, განხორციელდება ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობის საერთო ფართობის 1%-ის განახლება შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით. საჯარო საზოგადოებრივი შენობებისათვის შეიქმნება ენერგოეფექტურობის საინფორმაციო სისტემა და სახელმწიფო დანერგავს საჯარო სექტორში ენერგოეფექტურ შესყიდვებს. დოკუმენტში მოცემულია ენერგეტიკის ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისთვის აუცილებელი თემატური გამოყენებითი კვლევების ჩამონათვალი: ● ენერგიის გენერაციისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლება; ● ადგილობრივი განახლებადი და წიაღისეულის ენერგეტიკული რესურსების ათვისება და მისი გავლენა გარემოზე და სხვა დარგებზე; ● ბაზრის და ტექნოლოგიური საჭიროებების კვლევები, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზები; ● ენერგეტიკულ სისტემაზე და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება; ● ცვალებადი განახლებადი რესურსების ენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრაციისა და ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების პოტენციალი საქართველოში; ● მწვანე წყალბადის წარმოების და გამოყენების პოტენციალი; ● ჭკვიანი სისტემების, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენება ენერგეტიკული სისტემების ოპტიმიზაციისათვის და მრავალი სხვა; ● ეკონომიკის ქვესექტორებზე ენერგეტიკული პოლიტიკის ღონისძიებების ზეგავლენის შეფასება. NECP-ში მოცემულია შესაბამისი პოლიტიკა და ღონისძიებები, როგორიცაა მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი ახალი ხაზების მშენებლობა, ასევე არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და გაუმჯობესება, 2030 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიის (ქარის, მზის, ჰიდროს) წილის 87%-მდე გაზრდას, ავტოპარკში დაბალი და ნულოვანი ემისიის მქონე (ელექტრო-5% და ჰიბრიდული-20% ავტომობილების) და ტექნიკურად გამართული ავტომობილების წილის გაზრდას, საქართველოს გადამცემი ქსელის გაძლიერებას და განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდას და ა.შ. სკოპინგის განცხადება მოიცავს ინფორმაციას როგორც დამგეგმავი და უფლებამოსილი ორგანოების შესახებ, ასევე საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შემუშავების საფუძვლებისა და დამტკიცებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებით გათვალისწინებული პროცედურების თაობაზე. სკოპინგის განცხადება ასევე მოიცავს ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაში განხილულია სექტორის განვითარების ორი ალტერნატივა: ალტერნატივა 1 (ე.წ. არსებული ღონისძიებებით - WEM): ენერგეტიკისა და კლიმატის არსებული/მიმდინარე პოლიტიკა და ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება ამ პოლიტიკის განსახორციელებლად; ალტერნატივა 2 (NECP): პოლიტიკა და ღონისძიებები, რომლებიც მოცემულია საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკასა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაში. სკოპინგის განცხადებაში მოცემულია ინფორმაცია სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან მიმართებაში. საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედებების, მათ შორის ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებების, მთლიანი სპექტრის გამოვლენის და განხილვის მიზნით სკოპინგის ეტაპზე ჩატარდა ე.წ. „მიზეზ-შედეგობრივი“ ანალიზი/ შესაძლო ზემოქმედების სიმძიმის კატეგორიზაცია განხორციელდა სხვა მსგავსი გარემოებების (შემთხვევების) გამოცდილების გათვალისწინებით და ექსპერტთა სამეცნიერო ცოდნის საფუძველზე. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი განმახორციელებელი დოკუმენტის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის „ყველაზე მნიშვნელოვანი“ და „მნიშვნელოვანი“ უარყოფითი ზემოქმედებები. სკოპინგის განცხადებაში წარმოდგენილია მოკლე ინფორმაცია საქართველოში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გამოვლენილია ის შესაძლო/სავარაუდო უარყოფითი ზემოქმედებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკისა და გეგმის განხორციელებას, გარემოს ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა: ბიომრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტი, ნიადაგი, კლიმატი, ჰაერი და წყალი. დოკუმენტში ასევე განხილულია უარყოფითი ზემოქმედებები ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე, აგრეთვე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებები. სკოპინგის განცხადებაში ასევე მოცემულია გამოვლენილი უარყოფითი ზემოქმედებების თავიდან აცილების, შერბილების ან კომპენსირების ღონისძიებების მოკლე მიმოხილვა და განსაზღვრულია კვლევები, რომლებიც უნდა ჩატარდეს სგშ-ს ანგარიშის საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის განხორციელების შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებები ბიომრავალფეროვნებაზე ძირითადად დაკავშირებულია ორ მიმართულებასთან: ,,ენერგიის განახლებადი რესურსების გამოყენება” და ,,ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება”. სტრატეგიული დოკუმენტების ამ კომპონენტების განხორციელებამ შესაძლოა ჰაბიტატების სხვადასხვა ხარისხით ფრაგმენტაცია და დეგრადაცია გამოიწვოს. მაგალითად, ჰესების მშენებლობასა და ექსპლუატაციას შეიძლება მოჰყვეს ჰაბიტატების განადგურება, წყლის ხარისხის გაუარესება და თევზების სახეობების გადაადგილების შეფერხება. ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა და დიდ ფართობზე მზის პანელების განთავსება, საჰაერო ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მოწყობა, ასევე ჰიდროელექტროსადგურების განვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და განადგურება, სახეობების ცალკეული ინდივიდების დაღუპვა/დაზიანება. საქმიანობებითა და სტრესის შესაბამისი ფაქტორებით გამოწვეული ზემოთ ნახსენები ზემოქმედებები შეიძლება იყოს პირდაპირი (მაგ., ჰაბიტატების განადგურება გადამცემი ხაზის გასწვრივ) ან არაპირდაპირი (მაგ., წყალშემკრების ზედა დინებაში წყლის ხარჯის ცვლილებამ შესაძლოა სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს ქვედა დინებაში მრავალი კილომეტრით დაშორებულ ბიომრავალფეროვნებაზე, მაგალითად, თევზის პოპულაციებზე). სკოპინგის განცხადების თანახმად, ლანდშაფტების დაცვის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობისა და პოლიტიკის არარსებობის პირობებში, აუცილებელია სგშ-ს ანგარიშში ჩატარდეს ლანდშაფტებზე საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის ღონისძიებების შესაძლო ზემოქმედების საფუძვლიანი ანალიზი და განისაზღვროს მათი პრევენციისა ან შერბილების ღონისძიებები. სკოპინგის განცხადების მიხედვით ენერგეტიკული ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას აქვთ უარყოფითი ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე, ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხზე და რაოდენობაზე, ნიადაგზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ენერგეტიკის სექტორს ასევე უარყოფითი ზეგავლენა აქვს გლობალურ კლიმატზე, რაც, ძირითადად, უკავშირდება წიაღისეული საწვავის მოხმარებას ენერგიის და სითბოს გენერაციისათვის, მრეწველობის სხვადასხვა დარგში, ტრანსპორტსა და საყოფაცხოვრებო სექტორში. სკოპინგის განცხადების მიხედვით ჩატარდება შემდეგი საბაზისო კვლევები (ლიტერატურის მიმოხილვა) - გარემოს კომპონენტების (ბიომრავალფეროვნება, ჰაერი, წყალი, ნიადაგი და ა.შ.) ზოგადი საბაზისო მდგომარეობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით; დაგეგმილი პროექტებისა და ენერგოსატრანსპორტო ქსელების გეოლოგიური საფრთხეების რისკის ზონებში მდებარეობის შესაფასებლად; დაგეგმილი პროექტებისა და ენერგოსატრანსპორტო ქსელების დაგეგმილ დაცულ ტერიტორიებთან, ზურმუხტის ქსელის არსებულ და დაგეგმილ საიტებთან მდებარეობის და შესაძლო ზემოქმედების შესაფასებლად; დაგეგმილი პროექტებისა და ენერგოსატრანსპორტო ქსელების დაგეგმილ კულტურულ მემკვიდრეობაზე შესაძლო ზემოქმედების შესაფასებლად. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე (ჰესებზე) მოდის. საქართველოს მდინარეები წვიმის, თოვლის, მყინვარისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების მიხედვით კლიმატის სცენარით ორივე საპროგნოზო პერიოდში (2041–2070 და 2071–2100 წლები) 1971–2000 წლებთან შედარებით მოსალოდნელია ნალექების შემცირება, რაც ზეგავლენას მოახდენს მდინარეთა ჩამონადენზე. მდინარეთა ჩამონადენის შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია მყინვარების დნობა, რამაც 2018 წელს 1970 წელთან მყინვარების ფართობი 23%-ით შეამცირა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მდინარის ჩამონადენის ჯამური ცვლილება საქართველოში ჯერ კიდევ შესასწავლია. გაზრდილი ტემპერატურები გამოიწვევს წყალსაცავებიდან აორთქლების ზრდას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ელექტროენერგიის გენერაციაზე. დოკუმენტაციის თანახმად, სულ საქართველოში ენერგეტიკული დანიშნულების 10 წყალსაცავია საერთო ფართობით 103 კმ2. უხეში შეფასებით, ამ ზედაპირებიდან აორთქლება შეადგენს დაახლოებით 108.7 მილიონ მ3-ს წელიწადში, რაც უფრო ინტენსიური ხდება მაისი–სექტემბრის პერიოდში. ტბების წყლის მარაგის გარკვეული ნაწილი მონაწილეობს მდინარეთა ჩამონადენის ფორმირებაში. აორთქლების ზრდა ტბებიდან გარკვეულწილად ასევე იმოქმედებს მდინარეთა ჩამონადენზეც. კლიმატის ცვლილება ასევე გაზრდის მოთხოვნას სარწყავ წყალზე, რამაც შეიძლება შეამციროს მისი ენერგეტიკული გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია წყლის მომხმარებელი სექტორების კოორდინირებული დაგეგმვა და განვითარება. საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 20% თბოელექტროსადგურებზე მოდის. მოსალოდნელია ჰაერის საშუალო ტემპერატურების ზრდა თბოელექტროსადგურების მდებარეობის ადგილზე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც უშუალოდ აისახება მათ ეფექტიანობაზე. მომავალში წყლისა და ჰაერის ტემპერატურების ზრდის კომპენსირებისათვის შესაძლებელია, საჭირო გახდეს გაგრილებისთვის წყლის მარაგების გაზრდა, არსებული რეზერვუარების მოცულობის გადიდება, ახალი რეზერვუარების მშენებლობა, დიდი სიმძლავრის წყლის გამწმენდი სისტემების შექმნა და სხვა ძვირადღირებული ღონისძიებები. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, თუმცა იგეგმება ახალი ქარის და მზის სადგურების განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კლიმატის ცვლილების პირობებში გახშირებულმა ექსტრემალურმა მოვლენებმა შეიძლება, გამოიწვიოს ქარის და მზის სადგურების ინფრასტრუქტურის დაზიანება და საფრთხე შეუქმნას მათ ფუნქციონირებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქარის და მზის სადგურების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების არეალში ჩატარდეს სიღრმისეული შესწავლა, როგორც არსებული მდგომარეობით, ისე მომავალში მოსალოდნელი კლიმატური და გეოლოგიური რისკების და საწყის ეტაპზევე გათვალისწინებული იქნეს საადაპტაციო ღონისძიებები. დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილების შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ხაზებზე, ასევე, ქვესადგურებზე. ტემპერატურის მატებისას იზრდება გამტარების წინაღობა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდებას მომხმარებლამდე, ზრდის დანაკარგებსა და მიწოდების ხარჯებს. კლიმატის ცვლილებამ მთიან ადგილებში მოწყობილი გადამცემი და გამანაწილებელი ხაზებისა და ქვესადგურების ოპტიმალურ ფუნქციონირებას შეიძლება მომავალში საფრთხე შეუქმნას გახშირებული ექსტრემალური მოვლენებით. საშუალო ტემპერატურის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილებამ გაგრილებისთვის ენერგიის მოთხოვნაზე პროცენტულად მეტად იმოქმედებს, ვიდრე გათბობისთვის ენერგიის მოთხოვნაზე. ასევე, გაიზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე სამაცივრე მეურნეობების მხრიდან. კლიმატის ცვლილებასთან ერთად იზრდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების დიდი ნაწილი მთიანი რელიეფის რთული გეოლოგიური გარემოს პირობებშია, აღნიშნული პროცესები მნიშვნელოვნად ართულებს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია განსაკუთრებით მოწყვლადი სექტორებისთვის კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის შესაძლებლობის შესწავლა და ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადება. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება შეფასდეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა მყინვარებზე, ზედაპირული წყლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე მათი მდგრადი გამოყენებისთვის სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. სკოპინგის განცხადების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სკოპინგის განცხადების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, გეგმავდა საჯარო კონსულტაციის ჩატარებას დაინტერესებულ მხარეებთან. სააგენტოში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 24 იანვრის №15/419 წერილის თანახმად, 2022 წლის 29 დეკემბერს, დამგეგმავმა ორგანომ გამართა საჯარო კონსულტაცია საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტებსა და სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებით. საჯარო კონსულტაცია ჩატარდა ვირტუალურად, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრას ადმინისტრირებას უწევდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და USAID, რომლის დახმარებითაც შემუშავდა სკოპინგის ანგარიში. შეხვედრის ბმული გაზიარდა იმ სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმისა და სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის საჯარო კონსულტაციები იმართებოდა. შესაბამისად, შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. საჯარო კონსულტაციისას, დამსწრე საზოგადოებას გაეცნო სკოპინგისა და შემდგომი პროცედურების საკანონმდებლო ჩარჩო, განცხადების სტრუქტურა და მისი ძირითადი შინაარსობრივი ნაწილი. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია შენიშვნების წარდგენის ვადების შესახებ. საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სგშ-ის სკოპინგის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია განხილვის მიზნით გაეგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს და უწყებებს. საზოგადოების მხრიდან სტრატეგიული დოკუმენტის თაობაზე ან/და სკოპინგის განცხადებაზე შენიშვნები და მოსაზრებები სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბუნების დაცვისა და მეტყევეობის პროგრამისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტების, არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას", საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ენერგოეფექტურობის ფონდის მიერ. საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სკოპინგის განცხადებაში წარმოდგენილი ზოგიერთი მონაცემის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან შეუსაბამობა, სკოპინგის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ვადები, წარმოდგენილი ალტერნატივების რაოდენობისა და რელევანტურობის საკითხები, დოკუმენტში წინააღმდეგობრივი შინაარსის ინფორმაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და სხვა. წარმოდგენილი შენიშვნები განხილვისა და სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში გათვალისწინების მიზნით ეცნობება დამგეგმავ ორგანოს, ასევე რიგი შენიშვნები აისახა სკოპინგის დასკვნაში. სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი 1. სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 26-ე მუხლით დადგენილ ინფორმაციას; 2. სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს სკოპინგის განცხადებაში მითითებული (განსაზღვრული, ჩასატარებელი) კვლევების შედეგები, მოპოვებული და შესწავლილი ინფორმაცია; 3. სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს სკოპინგის განცხადებით გათვალისწინებული შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; 4. სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს სტრატეგიული დოკუმენტისთვის საკვანძო გარემოსდაცვითი საკითხები და სგშ-ის პროცესში შესწავლილი ზემოქმედებები; 5. სგშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების ადგილის და აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (არსებული, მიმდინარე და დაგეგმილი ობიექტები) განხორციელებისათვის შერჩეული ტერიტორიების shp ფაილები. 6. სგშ-ის ანგარიშში მიეთითოს სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე ინფორმაცია - მიმდინარე, დასრულებული, დაგეგმილი. 7. სგშ-ის ანგარიშში ცალკე თავი უნდა დაეთმოს ალტერნატივების მიმოხილვას, მათ ანალიზსა და შეფასებას; გარდა არაქმედების ალტერნატივისა, საკვანძო საკითხებისთვის განხილულ იქნას რეალისტური ალტერნატივები, მათი შერჩევის მიზეზები იქნას დასაბუთებული. იდენტიფიცირებული და შედარებულ იქნას გარემოზე თითოეული ალტერნატივის მოსალოდნელი ზემოქმედებები (დადებითი და უარყოფითი). წარმოდგენილ იქნას ალტერნატივების შერჩევის ან უარყოფის მიზეზები. განხილულ იქნეს ტექნოლოგიური ალტერნატივები (მათ შორის არსებული ენერგეტიკული ობიექტების რეაბილიტაცია, ენერგიის შემნახველი ბატარეები ა.შ.). 8. სგშ-ის ანგარიშში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზემოქმედებების შეფასებაში აღწერილ იქნას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული საქმიანობების ზემოქმედება გარემოზე და შედარებული სტრატეგიული დოკუმენტის განუხორციელობის შემთხვევაში მათ შესაძლო მდგომარეობასთან. განხილულ იქნას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედებები და მიეთითოს მათი ხანგრძლივობა (მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი). იდენტიფიცირებულ იქნას მოსალოდნელი მეორადი, კუმულაციური და სინერგიული ზემოქმედებები, (სადაც შესაძლებელია), ასევე განხილულ იქნეს ურთიერთკავშირი ზემოქმედებებს შორის. 9. სგშ-ის ანგარიშში ფონურ კვლევაში აღწერილი უნდა იქნას გარემოსთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების არსებული მდგომარეობა. აღწერილ იქნას სტრატეგიული დოკუმენტის განუხორციელებლობის შემთხვევაში გარემოსთან დაკავშირებული ასპექტების მოსალოდნელი განვითარება. აღწერილ იქნას იმ ტერიტორიების გარემოსდაცვითი მახასიათებლები, რომლებიც ექცევიან მნიშვნელოვანი ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის იმ ტერიტორიების მახასიათებლებიც, რომლებიც სტრატეგიულ დოკუმენტში განხილული ტერიტორიის ფიზიკურ საზღვრებს მიღმა მდებარეობენ. 10. სგშ-ის ანგარიშში ზემოქმედებების პროგნოზირებისა და შეფასებისთვის გამოყენებულ იქნას სათანადო სტანდარტები, რეგულაციები და ზღვრული სიდიდეები. აღწერილ იქნას ზემოქმედებების შეფასების მეთოდები. გარდა შემოთავაზებული მატრიცებისა, მიგნებები და ზემოქმედების სახეები ასევე ნაჩვენები იქნას გრაფიკული სახით (დიაგრამები და სქემები). 11. სგშ-ის ანგარიშში მოცემულ იქნას იმ ენერგეტიკული და ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გაცემულია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამის რუკაზე დატანით. 12. სგშ-ის ანგარიშში საჭიროა არსებული და დაგეგმილი ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურების, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული/ გამოსამუშავებელი ენერგიის გამოყოფა; 13. სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, თარიღების, განხილული საკითხებისა და სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესში მიღებული შენიშვნების გათვალისწინების შესახებ. ასევე, წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია ენერგეტიკულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის მექანიზმების შესახებ. 14. სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სადაც ასევე აისახება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები; 15. სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კლიმატური სარტყლების წანაცვლების შედეგად გამოწვეული გაზრდილი საირიგაციო წყალმოხმარების გავლენა ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების სფეროზე; 16. სგშ-ის ანგარიშში ჩასატარებელ კვლევებს უნდა დაემატოს საბაზისო კვლევა დაგეგმილი პროექტებისა და ენერგოსატრანსპორტო ქსელების კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შესაფასებლად. კერძოდ, სტრატეგიული დოკუმენტის ღონისძიებები უნდა შეფასდეს გარემოს ცვალებადი საბაზისო პირობების მიმართ. სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საბაზისო ცვლილებებმა სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და როგორ უნდა რეაგირებდეს ღონისძიებები დროთა განმავლობაში (კლიმატის ცვლილების არსებულ და სამომავლო სცენარებზე დაყრდნობით). 17. სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი იქნეს ინფორმაცია გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის და სეზონური და დღე-ღამური მიწოდება-მოხმარების დარეგულირების მიზნებისათვის გაზის მიწისქვეშა საცავის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისა და სხვა ალტერნატიული გადაწყვეტის გზების თაობაზე. 18. სგშ-ის ანგარიშში მიეთითოს გამოყენებული ლიტერატურის/წყაროს ნუსხა. 19. სგშ-ის ანგარიშში და სტრატეგიულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს შესაბამისობაში. 20. სგშ-ის ანგარიშზე თანდართულ არატექნიკურ რეზიუმეში აღწერილ იქნას სგშ-ს მიდგომა, სტრატეგიული დოკუმენტების ამოცანები, განხილული ვარიანტები და სგშ-ს შედეგად სტრატეგიულ დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებები. სგშ-ის ანგარიშის მომზადებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია: ● ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, ამჟამად საქართველოში ზურმუხტის ქსელის განვითარება მიმდინარეობს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში დამტკიცებულია ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორია, რომლის ჯამური ფართობი 1 306 748 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის ფართობის 18.7%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების 68% თანხვედრაშია ზურმუხტის ქსელთან (რუკა 1). ● საქართველოს დაცული ტერიტორიების არსებული ქსელი 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოიცავს 14 ნაკრძალს, 14 ეროვნულ პარკს, 26 აღკვეთილს, და 40 ბუნების ძეგლს, 5 დაცულ ლანდშაფტს, 1 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას. საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელს 912 908 ჰა, ანუ ქვეყნის ფართობის 13.1% უკავია. ● გვ. 21 - რუკა 1-ზე დატანილია საქართველოში არსებული და დაგეგმილი დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიებიდან მხოლოდ ზურმუხტის ქსელის ტერიტორიები. აღსანიშნავია, რომ გვ. 48-ზე შემდეგი ინფორმაციაა მოყვანილი - ,,ახლახან UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის (MAB) ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება კახეთის რეგიონში ორი ბიოსფერული რეზერვატის (დედოფლისწყაროს და სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი)“ შექმნის შესახებ.“ ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (დაცული ტერიტორიების კატეგორიები) თანახმად, საქართველოში დასაშვებია არსებობდეს – ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია. ზემოაღნიშნულის საფუძველზე აუცილებელია ამ საკითხზე სგშ-ის ანგარიშში სრულფასოვანი ინფორმაციის დამატება. ● სგშ-ის ანგარიშში საჭიროა დაემატოს ინფორმაცია ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების (IBA) შესახებ. 2011 წლიდან შეირჩა 32 ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია საქართველოს მასშტაბით. ასევე უნდა დაემატოს ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილებისა (IBA) და ფრინველთათვის სპეციალური დაცვის ტერიტორიების (SPA) შესაბამისი რუკები. ● ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების თაობაზე, სადაც მიმოხილულია საკანონმდებლო და ინსტიტუციური საკითხები და შეფასებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმის ეფექტიანობა. გასათვალისწინებელია, რომ საქმიანობა, რომელიც გზშ-ს არ ექვემდებარება, რეგულირდება საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებითა და გარემოსდაცვითი ნორმებით. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით. ● ცხრილი 2: სგშ-ს ანგარიშში განსახილველი შესაძლო ზემოქმედებები (გვ. 25-36) გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები: ○ „ნაგავსაყრელების დახურვის სამუშაოებისა და ემისიების“ სტრესის ფაქტორთან (გვ.25) მიმართებით ჰაერზე ზემოქმედების ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს უფრო ზოგადად (მაგ: „ჰაერის დაბინძურება ლოკალურ დონეზე"), რადგან აღნიშნული ფაქტორი ზრდის ჰაერის დაბინძურებას, თუმცა აუცილებლად არ განაპირობებს მის ცუდ ხარისხს; ○ ვინაიდან, ქვემოჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ ატმოსფერულ ჰაერზე, ჰაერზე ზემოქმედების აღწერა უნდა დაემატოს შემდეგ სტრესის ფაქტორებთან: „მშენებლობა – ქარის ელექტროსადგურები“ (გვ. 26); „ახალი ინფრასტრუქტურის ტერიტორიის შერჩევა, მშენებლობა, ექსპლუატაცია“ (გვ. 32); „წყალსაცავებიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა“ (გვ. 32); „ზედაპირული/წიაღისეული რესურსების მოპოვება“ (გვ. 34); „ინფრასტრუქტურის ტერიტორიის შერჩევა, მშენებლობა, ექსპლუატაცია“ (გვ. 35; ნავთობის სექტორი); „ახალი ინფრასტრუქტურის ტერიტორიის შერჩევა, მშენებლობა, ექსპლუატაცია“ (გვ. 35; ქვანახშირის სექტორი). ○ „შესაძლო ზემოქმედებების მიმოხილვის“ ქვეთავში (გვ. 57) მითითებულია, რომ განსახილველი პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი ზემოქმედებები, მაგალითად „ოჯახების მიერ ბიომასის მოხმარების ზრდა“. აღნიშნული შესაძლო შედეგი არ არის განხილული ცხრილი 2-ში არცერთ სტრესის ფაქტორად. ასევე, საჭიროა პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში განსაზღვრულმა ღონისძიებებმა არა თუ განაპირობონ შინამეურნეობებში შეშის მოხმარების კიდევ უფრო ზრდა, რაც ისედაც პრობლემაა დღესდღეობით, არამედ შეამცირონ ის. ● იმისთვის, რამ სრულყოფილად შეფასდეს ფაქტორების ზემოქმედება გარემოს კომპონენტებზე, უფრო გასაგებად ჩამოყალიბდეს შემდეგი სტრესის ფაქტორები: „ბიომასა/ბიოსაწვავი მინდვრების მართვის ინტენსიფიკაცია“ (გვ. 28); „მზის ენერგიით გაცხელებული წყალი დამბინძურებლების გათავისუფლება“ (გვ. 29). ● საჭიროა უკეთ ჩამოყალიბდეს ჰაერზე ზემოქმედების ველები შემდეგ სტრესის ფაქტორებზე: „ახალი ინფრასტრუქტურის ტერიტორიის შერჩევა, მშენებლობა, ექსპლუატაცია ორი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ჩათვლით (სულ 500 მგვტ)“ (გვ. 31-32); „ახალი ინფრასტრუქტურის ტერიტორიის შერჩევა, მშენებლობა, ექსპლუატაცია“ (გვ. 33); ნახშირწყალბადების გამოყენების ზრდა (გვ. 34). ● სკოპინგის განცხადების 57-ე გვერდის პირველი აბზაცის პირველ წინადადებაში ჩამოთვლილია ენერგეტიკული სექტორიდან გაფრქვეული მავნე ნივთიერებები, ხოლო მეორე წინადადებაში მითითებულია, რომ PM-ის, CO-ს, NOx-ის და SO2-ის ემისიები ძირითადად საწვავის წვის შედეგად ხდება. აღსანიშნავია, რომ საწვავის წვა ასევე წარმოადგენს ენერგეტიკული სექტორიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) ემისიების მთავარი წყაროს და საჭიროა აღნიშნული მავნე ნივთიერებაც დაემატოს მეორე წინადადებას, ან არ მოხდეს მავნე ნივთიერებათა დაკონკრეტება. ● სკოპინგის განცხადების 57-ე გვერდის პირველი აბზაცის მესამე წინადადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული აბზაცის პირველ და მეორე წინადადებაში აღწერილი ემისიები ასევე მოიცავს ოჯახების მიერ შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შედეგად დახურული სივრცის ჰაერის დაბინძურებას. აღსანიშნავია, რომ „ნახაზი 3“-ზე მოცემული სტატისტიკა მოიცავს ოჯახების მიერ შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შედეგად მხოლოდ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. შესაბამისად, საჭიროა შესწორდეს წინადადება და დახურული სივრცე აღარ იქნეს ნახსენები მასში. ● სკოპინგის განცხადებაში 57-ე გვერდის პირველი აბზაცის ბოლო (მეოთხე) წინადადებაში მითითებული ინფორმაცია აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევის წყაროებთან დაკავშირებით ეფუძნება 2013 წლის ინვენტარიზაციას და დღესდღეობით იგი აღარ არის ვალიდური. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული წინადადების ამოღება. ● „სგშ-ს ანგარიშში განსახილველი ზემოქმედებების“ ქვეთავში (გვ. 58) მოცემულ ჩამონათვალში არ არის შეყვანილი ელექტროენერგიის სექტორი, რომელიც ცხრილი 2- ში (გვ. 25) წითლად არის მონიშნული. ამავე ცხრილში ჰაერზე ზემოქმედების ნაწილი ასევე შევსებულია სხვა მიზნებისთვის/სტრესის ფაქტორებისთვის (ან უნდა იყოს ზემოაღნიშნული კომენტარების გათვალისწინებით), რომელიც აგრეთვე არ არის ჩამონათვალში (გვ. 58). ჩამონათვალში არის „ბუნებრივი აირის შიდა რესურსების ათვისება“, რომელზედაც ცხრილი 2-ში (გვ. 34) არ არის შევსებული ჰაერზე ზემოქმედების ნაწილი. შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რა პრინციპით იხელმძღვანელა ავტორმა ჰაერის კუთხით სგშ-ს ანგარიშში განსახილველი ზემოქმედებების შერჩევისას. საჭიროა გადაიხედოს ჩამონათვალი, შედარდეს ცხრილი 2-თან და სგშ-ის ანგარიშში განხილულ იქნას ცხრილი 2-ში მითითებული ჰაერზე ყველაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებები. ● ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტის 4.1 ქვეთავში (ძირითადი ეგზოგენური ფაქტორების სავარაუდო ევოლუცია, რომლებიც გავლენას ახდენენ ენერგეტიკულ სისტემაზე და სათბურის გაზების ემისიის განვითარებაზე) (გვ. 146), საუბარია, რომ საბაზისო სცენარის მიხედვით, მყარი ნარჩენების დასამარხი ნაგავსაყრელების რაოდენობა, 18-დან (2014 წელი), გაიზრდება 49-მდე 2030 წელს და მათი გარკვეული რაოდენობა წლების განმავლობაში დაიხურება. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, 2014 წელს უკვე ოპერირებდა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მართვაში 54 ნაგავსაყრელი. 2030 წლისათვის, კი, დაგეგმილია 6 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენება და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მართვაში არსებული ყველა ნაგავსაყრელის ეტაპობრივი დახურვა. ● საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სკოპინგის განცხადებაში (ცხრილი 2: სგშ-ს ანგარიშში განსახილველი შესაძლო ზემოქმედებები) ნარჩენების სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების შესაძლო სოციალურ- ეკონომიკურ ზემოქმედებად დასახელებულია ადგილობრივი საცხოვრებელი პირობებისა და ქონების ღირებულების დაკარგვა. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობა განხორციელდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ● წარმოსადგენი სგშ-ის ანგარიში უნდა იყოს კონცენტრირებული ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის განხორციელების შედეგად მოსალოდნელ უარყოფით ზემოქმედებებზე. სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს ის ღონისძიებები, რომლებიც მაქსიმალურად ზრდიან სარგებელს და მინიმუმამდე ამცირებენ განხორციელებისას გამოწვეულ არასასურველ უარყოფით შედეგებს გარემოზე. ● თავში - GHG-14: ახალ დაცულ ტერიტორიებში შემავალი ტყის დაცვა ან/და მდგრადი მართვა - აღნიშნულ თავში პასუხისმგებელ უწყებაში მოხსენიებულია მხოლოდ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, გაცნობებთ, რომ დაცულ ლანდშაფტებს მართავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რიგ შემთხვევებში ტყის ნაწილს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო. ამასთან, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან ერთად ტყის მდგრად მართვაში პასუხისმგებელ უწყებებში უნდა დაემატოს გორის მუნიციპალიტეტის მერია. ● გვ. 21 - რუკა 1. საქართველოს მთავარი დასახლებული ტერიტორიები, ქალაქები, დაცული და ზურმუხტის ქსელის ტერიტორიები - დასახლებული ტერიტორიების სახით დატანილია მხოლოდ ძირითადი ქალაქები, ხოლო ლეგენდაში ეს თემატიკა ასახული არ არის. საჭიროა ცალკე თემატურ რუკაზე დატანილი იყოს საქართველოში არსებული განსახლების სისტემის შემადგენელი დასახლებების ყველა კატეგორიის - ქალაქების, დაბების და სოფლების ძირითადი ნაწილი. ● გვ. 66 – 3.2.10 კულტურული მემკვიდრეობა: რეკომენდებულია დაემატოს ინფორმაცია შემუშავების პროცესში არსებული - ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შესახებ. ასევე ქ. მცხეთის სივრცით- ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშის შესახებ. ამასთან, გვ. 66 -78 3.2.10 – 3.2.12 თავებში დასახლებებთან დაკავშირებულ ნაწილებს უნდა დაემატოს ინფორმაცია დამტკიცებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შესახებ. ასევე, მასალები ამ სტრატეგიული დოკუმენტების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში შემუშავებული ეტაპობრივი დოკუმენტების შესახებ. ● გვ. 66 -78 3.2.10 – 3.2.12 თავებში დასახლებებთან დაკავშირებული მოკლე ნაწილობრივი მიმოხილვის ტექსტურ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს განსახლების სისტემის შესაბამისი ინფორმაცია დასახლებების რაოდენობის, მოსახლეობის რიცხოვნობის, ტერიტორიების ფართობების, სიმჭიდროვეების შესახებ. ასევე, რეკომენდებულია დაემატოს ინფორმაცია დემოგრაფიის, სატრანსპორტო სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის შესახებ. ● გვ. 78 – 3.3. ,,გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები“, ინფორმაცია საჭიროა გასწორდეს შემდეგნაირად: ,,გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.“ ● სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი კლიმატური სარტყლების წანაცვლების პროცესის გავლენა მოქმედ და დაგეგმილ სამთო-სათხილამურო ტრასების თოვლით უზრუნველყოფაზე (ხელოვნური გათოვლიანება); ● საჭიროა რუკებს სგშ-ის ანგარიშის წარმოდგენის ეტაპზე დაერთოს სათანადო განმარტებები. ● სკოპინგის განცხადების გვ.26 და გვ.32 წარმოდგენილი ცხრილი 2: „სგშ-ის ანგარიშში განსახილველი შესაძლო ზემოქმედებები”, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან საბოლოო ენერგიის მოხმარების წილის გაზრდის და ადგილობრივი რესურსების ათვისებით ზემოქმედების სვეტში მხოლოდ ფაუნის უჯრაა მონიშნული ყვითლად და არ არის ნახსენები ფლორა, შესაძლებელია დაზიანდეს ენერგოობიექტების სივრცითი „ნაკვალევის“ შედეგად სახეობების და მცენარეული ჰაბიტატები. მაგალითად, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისას, უარყოფითი ზემოქმედება იქნება მცენარეულ საფარზე და არა მხოლოდ მშენებლობისას, არამედ ექსპლუატაციის პროცესშიც, რადგან აუცილებელი გახდება ქარის ელექტროსადგურებთან მისასვლელი გზების მოწყობა, რომელიც შესაძლოა ვეგეტატიურად გამრავლებადი მცენარეებისთვის გახდეს გადაულახავი ბარიერი, ასევე გასათვალისწინებელია კლიმატის ცვლილების როლიც, რომელიც გავლენას ახდენს მცენარეთა გავრცელების არეზე. შესაბამისად, საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან საბოლოო ენერგიის მოხმარების წილის გაზრდის და ადგილობრივი რესურსების ათვისებით ზემოქმედების განხილვისას გათვალისწინებული იქნეს, როგორც ფაუნის, ისე ფლორის საკითხები. საჭიროა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს სგშ-ის ანგარიშში. ● NECP-ის V თავში (გვ.90) წარმოდგენილია ინფორმაცია საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, რომელიც წარმართავს ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების პროცედურებს გარემოს დაცვის სფეროში. საჭიროა ინფორმაცია განახლდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ● მეთოდოლოგიისა და შესაძლო ზემოქმედებების ნაწილში გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება უნდა დაემატოს ერთ-ერთი ქვეთავის სახით. ასევე, სგშ-ის ანგარიშში განსახილველი შესაძლო ზემოქმედებების ცხრილში, გარემოს კომპონენტების და შესაძლო ზემოქმედებების ნაწილში უნდა მოხდეს გეოლოგიის ცალკე პუნქტად დამატება. მე-80 გვერდზე, სგშ-ს ანგარიშში წარმოსადგენი ინფორმაციის ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს „ზოგადი საპროგნოზო ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ“. აღნიშნულის ნაცვლად, სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს დეტალური კვლევების (მათ შორის გეოლოგიური კუთხით) შედეგად მიღებული ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ. ● სგშ-ის ანგარიშში ჩასწორდეს შემდეგი ტერმინები და წინადადებები: 1. „კლიმატის დაცვის გზით“ (სკოპინგის განცხადების გვ. 11) - ჩანაწერის, ნაცვლად ჩასწორდეს „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების გზით“. 2. „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების პოპულაციების შემცირება“ (სკოპინგის განცხადების გვ 27) - შემცირების ნაცვლად სგშ-ის ანგარიშში საჭიროა ჩაიწეროს - მდგომარეობის გაუარესება. 3. ტერმინი „რიცხოვნობის შემცირება“ (სკოპინგის განცხადების გვ. 40) საჭიროა შეიცვალოს შემდეგით - „მდგომარეობის გაუარესება“. 4. სკოპინგის განცხადების გვ. 40 მოცემული ინფორმაცია- „ჰაბიტატებსა და ბიომრავალფეროვნებას საფრთხეები ექსპლუატაციის ეტაპზეც ექმნება, მაგალითად, ქარის ტურბინების მიერ ხელფრთიანებისა და ფრინველებისათვის შექმნილი პირდაპირი საფრთხე, განსაკუთრებით მიგრაციის დროს. ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და ბიომრავალფეროვნების ობიექტების გადაადგილების შეფერხება აქვეითებს ბიომრავალფეროვნების პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობას. ჰაბიტატების ფრაგმენტაციისა და ბიომრავალფეროვნების გადაადგილების შეფერხების შედეგად თანდათანობით მცირდება საკვები ბაზა და ქვეითდება რეპროდუქციული შესაძლებლობები.“ სგშ-ის ანგარიშში ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ჰაბიტატებსა და ბიომრავალფეროვნებას საფრთხეები ექსპლუატაციის ეტაპზეც ექმნება, მაგალითად, ქარის ტურბინების მიერ ხელფრთიანებისა და ფრინველებისათვის შექმნილი პირდაპირი საფრთხე, განსაკუთრებით გამრავლებისა და მიგრაციის პერიოდში. ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და ბიომრავალფეროვნების ობიექტების გადაადგილების შეფერხება აქვეითებს სახეობათა პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობას. ჰაბიტატების ფრაგმენტაციისა და ცხოველების გადაადგილების შეფერხების შედეგად თანდათანობით მცირდება საკვები ბაზა და ქვეითდება რეპროდუქციული შესაძლებლობები“. 5. სკოპინგის განცხადების გვ. 44-ზე, მეორე აბზაცის მეოთხე სტრიქონში ტერმინი „სტრესი“ ჩანაცვლდეს „ზეწოლით“, აგრეთვე დოკუმენტის ყველა შესაბამის ნაწილში. 6. სკოპინგის განცხადების გვ. 44-ზე არსებული ჩანაწერი - „საქართველოში მდებარეობს 60 KBA, ფართობით 21,335 კმ2, აქედან 6,616 კმ2 დაცულია სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიებში, ხოლო 5.7% მკაცრად დაცულ ნაკრძალებში (IUCN-ის დაცული ტერიტორიების I კატეგორია)“ უნდა ჩასწორდეს შემდეგნაირად -საქართველოში მდებარეობს 60 KBA, ფართობით 21,335 კმ2, აქედან რომლიდანაც 6,616 კმ2 დაცულია სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიებში; ,KBA-ის ხოლო 5.7%-ს გააჩნია სანაკრძალო დაცვის რეჟიმი. მკაცრად დაცულ ნაკრძალებში (IUCN-ის დაცული ტერიტორიების I კატეგორია).“ 7. „შესაძლო ზემოქმედებების მიმოხილვის“ ქვეთავში (სკოპინგის ანგარიშის გვ. 57) ნაცვლად „უხეში და წვრილი ნაწილაკებისა“ უნდა მიეთითოს „უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები“. 8. სკოპინგის განცხადების 3.2.7 ჰაერის (გვ. 56-59) ქვეთავის ნაწილში მოცემულია ნახაზი 3: „ეკონომიკის დარგების წილი მავნე ნივთიერებების მთლიან ემისიებში”. 2019 წ. (გვ. 57) - აღნიშნულ ნახაზზე გაფრქვევები დაყოფილია დანიშნულების მიხედვით და ენერგეტიკული სექტორი არ მოიცავს ტრანსპორტს და საწვავის მოხმარებას სამრეწველო სექტორში, რაც დაანგარიშებულია ცალკე ტრანსპორტისა და მრეწველობის (სხვა სამრეწველო პროცესებთან ერთად) სექტორებში. შესაბამისად, „ნახაზი 3“ 57-ე გვერდის პირველ აბზაცში მითითებული არგუმენტაციისთვის არ გამოდგება. ამიტომაც, უნდა ჩანაცვლდეს „ნახაზი 3“, ან ზემოაღნიშნული აბზაცის პირველ წინადადებაში დაზუსტდეს, რომ ნახაზისგან განსხვავებით ენერგეტიკული სექტორი, რომელიც ასევე მოიცავს საწვავის მოხმარებას ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორებში, არის მყარი ნაწილაკების (PM) და ა.შ. ემისიების მთავარი წყარო. სგშ-ის ანგარიშში „ნახაზი 3-ის“ ჩანაცვლების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი დიაგრამა: https://drive.google.com/file/d/17uAxAx8fSNyaMJ4Yc5UaHNQlhuTC2cCV/view?usp= share_link. ამასთან, „ნახაზი 3“ მოიცავს 2019 წლის მონაცემებს და საჭიროა განახლდეს 2020 წლის მონაცემებით, რომელიც ხელმისაწვდომია „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ პროგრამაში" 53-ე გვერდზე (https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34047). 9. „ახმეტის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი არასამეწარმეო იურიდიული პირი ”თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის” ნაცვლად მითითებული უნდა იქნეს ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“; 10. მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994), გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994) და ზემო სვანეთი (1996) მიეკუთვნება მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურულ ობიექტებს, ხოლო კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნებრივი ობიექტების კატეგორიას. ● სკოპინგის განცხადებაში, გვ. 26-ზე ცხრილში N2, მიზნის „ნარჩენების სექტორთან დაკავშირებული ემისიების შემცირება“ - ზემოქმედებებში არ არის ასახული საკმარისი ინფორმაცია ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესახებ, თუმცა იდენტიფიცირებული ზემოქმედებები ზეგავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. აღნიშნული გათვალისწინებულ უნდა იქნას ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების ასპექტში სგშ-ის ანგარიშში. ● სგშ-ის ანგარიშში ჰიდროენერგეტიკის ნაწილთან მიმართებით, ფლორასა და ფაუნის ნაწილში საჭიროა დაემატოს ეკოსისტემური სერვისების/მომსახურების შესუსტება/მოშლა. ● „3.2.3 ბიომრავალფეროვნება (ფაუნა და ფლორა)“ სგშ-ის ანგარიშში უნდა დაემატოს ტყეზე ზემოქმედების საკითხები. ● გვ. 41-ზე არსებულ შემდეგ ჩანაწერთან მიმართებით - „დადგინდება კავშირები სტრესის ფაქტორებსა და დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედებებსა და ბიომრავალფეროვნებაზე არაპირდაპირ ზემოქმედებებს შორის (მაგ., ზემოქმედება ქვედა დინების ბიომრავალფეროვნებაზე ზედა დინებაში ენერგიის განახლებადი რესურსების ინფრასტრუქტურის მიერ გამოწვეული წყლის ხარჯის ან ხარისხის ცვლილების შედეგად).“ სგშ-ის ანგარიშში საჭიროა აისახოს, რომ აღნიშნული ეხება მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის/მოთხოვნების/ვალდებულებების შესაბამისად შექმნილ დაცულ ტერიტორიებსაც. ● გვ. 41- ზე შემდეგი ჩანაწერი „ჰიდროელექტროსადგურების კაშხლების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ჰიდროელექტროსადგურების კაშხლებმა შესაძლოა წყალშემკრების ფარგლებში ბიომრავალფეროვნებაზე სერიოზული არასასურველი ზემოქმედება მოახდინონ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრთხე, რომელიც ზუთხის არსებობას ექმნება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ზემოქმედებები ზოგადად ბიომრავალფეროვნებაზე, მათ შორის თევზების სხვა სახეობებზე.“ - წარმოდგენილი ინფორმაცია სგშ-ის ანგარიშში საჭიროა დაკორექტირდეს შემდეგი სახით: - „ჰიდროელექტროსადგურების კაშხლების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ჰიდროელექტროსადგურების კაშხლებმა შესაძლოა წყალშემკრების ფარგლებში ბიომრავალფეროვნებაზე სერიოზული უარყოფითი ზემოქმედება მოახდინონ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრთხე, რომელიც თევზის სახეობებს ექმნება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ზემოქმედებები ზოგადად ბიომრავალფეროვნებაზე, განსაკუთრებით კუმულაციური ზემოქმედების შემთხვევაში.“ ● გვ. 41-ზე შემდეგი ჩანაწერი „ჰაბიტატების განადგურება, ფრაგმენტაცია და ბიომრავალფეროვნების გადაადგილებისთვის წინაღობების შექმნა მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების დაქვეითების მთავარი მიზეზია“. - წარმოდგენილი ინფორმაცია სგშ-ის ანგარიშში საჭიროა დაკორექტირდეს შემდეგი სახით: - „ჰაბიტატების განადგურება, ფრაგმენტაცია და ცხოველების გადაადგილებისთვის წინაღობების შექმნა მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კარგვის ერთერთი ძირითადი საფრთხეა“. ● გვ. 44-ზე „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის განხორციელებამ შესაძლოა დამატებითი ზემოქმედება მოახდინოს არსებულ დაცულ ტერიტორიებსა და ...“ – საჭიროა არსებულ ჩანაწერს დაემატოს შემდეგი ფორმულირება: „...და საერთაშორისო მნიშვნელობის იმგვარი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად ზურმუხტის ქსელი“. ● გვ. 45-ზე, შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებების მიმოხილვის ბოლო აბზაცში, მიზანშეწონილია შემდეგი ტექსტის რედაქტირება: „სტრესის ეს ფაქტორები უარყოფით ზემოქმედებას მოახდენენ არსებული დაცული და ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების ფარგლებში დაცული ფლორისა და ფაუნის სახეობებზე, როგორც ეს აღწერილია ბიომრავალფეროვნების შესახებ თავი 3.2.1-ში, თუ სამუშაოები ამ ტერიტორიების ფარგლებში, მათ ბუფერულ ზონებში ან მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდება.“ - გასათვალისწინებელია, რომ ტექსტი იკითხება იმგვარად, რომ ფლორისა და ფაუნას სახეობები დასაცავია მხოლოდ დაცულ ტერიტორიებში. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები დასაცავია ქვეყნის მასშტაბით, რაც გამორიცხულია მათი ჰაბიტატის დაცვის გარეშე. ამავდროულად, მკაცრად დასაცავია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებით მკაცრად დასაცავი სახეობები და ჰაბიტატები (მაგ. მიგრირებადი სახეობების შესახებ კონვენციის I დანართის სახეობები, ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივის მე-4 დანართის სახეობები). შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, მთავარი ვალდებულებაა, სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი გადარჩენა და მათი სახარბიელო საკონსერვაციო მდგომარეობის შენარჩუნება. პოპულაციას უნდა გააჩნდეს მინიმუმ სტაბილური ტენდენცია, და არა კლებადი. ● გვ. 46-ზე - „არსებული კანონმდებლობა აღკვეთილების ფარგლებში ენერგიის გარკვეული განახლებადი რესურსების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა“ - საჭიროა სქოლიოში მიეთითოს შესაბამისი კანონმდებლობა. ● დოკუმენტში „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის“ დანართი I-ით წარმოდგენილ ცხრილში „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ტყისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი“ შესაცვლელია ყველგან, შემდეგი ფორმულირებით - „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი“. დასკვნითი ნაწილი: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სგშ-ის ანგარიში სავალდებულოა მომზადდეს სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის შესაბამისად.