17 ნოემბერი პოეტების მეფის- გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.
დაბადების 132 წლისთავი, ტრადიციულად, პოეტის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში აღინიშნა. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან, გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან ერთად, გვირგვინით შეამკო გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი. რის შემდეგაც გაიმართა ლირიული პერფორმანსი მსახიობ მაკა შალიკაშვილისა და ვანის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საგამოფენო დარბაზში.
პოეტის ქოხში მსახიობ მაკა შალიკაშვილის მიერ წარმოდგენილი იყო ლირიული კომპოზიცია: ‘მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი“.
პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატურულ სალონში სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა პოეტის ცნობილი ლექსები წაიკითხეს.
გალაკტიონი დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის არის ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა, მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.