დღეიდან ვანელ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ტრადიციული სიმღერა-გალობა შეისწავლონ. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ადგილობრივი თვითმმარველობის მხარდაჭერით ვანში სალოტბარო სკოლა გახსნა.
სალოტბარო სკოლის ლოტბარი და რეგენტი ვანში გაზრდილი ტყუპები – პავლე და შოთა რამიშვილები არიან. ძმები გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის კურსდმთავრებულები და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრები არიან.
ვანის სალოტბარო სკოლის ბავშვებთან და მშობლებთან შესახვედრად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და ცენტრის თანამშრომლები ჩავიდნენ.
მეგობრების მხარდასაჭერად მამა დავითის გუნდის მგალობლებიც ესტუმრნენ ვანის სალოტბარო სკოლას. ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებმა მათთან ერთად ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს. განახლებულ მუზეუმში, მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება.
ამ დროისათვის საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლები ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შესწავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.