ვანში, გალაკტიონ ტაბიძის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში, პოეტის დაბადებიდან 131 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა, რომელშიც ვანის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
საიუბილეო ღონისძიებებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.ფასდაუდებელია გალაკტიონ ტაბიძის ღვაწლი ქართულ პოეზიაში, იქ მან წარუშლელი კვალი დატოვა და პოეზიის უმაღლეს მწვერვალზე აიტანა საკუთარი შემოქმედება. დღეს განსაკუთრებით მეამაყება, რომ მეც ვანის მიწა-წყლის შვილი ვარ, გალაკტიონის მშობლიური კუთხის შვილი. მთელ საქართველოს ვულოცავ გალაკტიონის დაბადების დღეს – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.„პოეზიის მეფის“ 131- ე საიუბილეო საღამოზე, მონაწილეებმა წარმოადგინეს გალაკტიონის შემოქმედებაზე შექმნილი მუსიკალურ-ლიტერატურული პერფორმანსი, რამაც მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა.
გალაკტიონი დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის არის ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა, მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.