ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ერთის მხრივ, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, მეორეს მხრივ კი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ექიზაშვილი ესწრებოდნენ.
სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ დეტალურად მიმოიხილა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი, ამ პროცესში წამოჭრილი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართულობა, იმისათვის, რომ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
რეფორმის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება აზომვითი სამუშაოები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.