მიმდინარე წლის 6 თებერვალს ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად რთული ვითარება შეიქმნა ვანის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარეები; ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და დააზიანა 232 საცხოვრებელი სახლი, მოთხარა მრავალწლოვანი ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.
სხვადასხვა სახის დაზიანების შესახებ დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა მერიის ცხელ ხაზზეც, რასაც სამაშველო და გადაუდებელი სამსახურის მყისიერი რეაგირება მოჰყვება. მოქალაქეები მუდმივ კონტაქტზე არიან ასევე მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ დროისთვის კეთდება ყველაფერი, გაიწმინდა გზები წაქცეული ხეებისგან და მოსახლეობა შეფერხების გარეშე გადაადგილდება.
ვანის მუნიციპალიტეტს სადენების დაზიანების გამო,არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, თუმცა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სრულიად არდგენილია მოსახლეობისთვის დენის მიწოდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, შეუფერხებლად მიეწოდება მთელ მუნიციპალიტეტს.
ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფელ ტობანიერში, სადაც, 6 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
მთის ჩამოსულმა მასამ დააგუბა მდინარე „ყუმურის“ კალაპოტი, თუმცა რადგან ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მოდიდებული იყო ჩამოშლილმა მასამ მისი შეჩერება ვერ შეძლო და მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მოსახლეობასთან მათი უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მუნიციპალიტეტის მერს პირად კონტროლზე ყავს აყვანილი სამუშაოების წარმოების მიმდინარეობა.