ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, პირველი შეხვედრა პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ყუმურის, შუამთის, მუქედის და ციხესულორის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებთან გამართა.
ყუმურში მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა მიიჩნია. მაისოურის უბანში ადგილობრივებმა სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დაუჭირა მხარი,დუცხუნში კი გაილოურის უბანში საავტომობილო ხიდის სრული რეაბილიტაცია იქნა მიჩნეული პრიორიტეტულად.
ქვედა მუქედში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრალური სკვერი, ზედა მუქედში კი მოხდება შიდა საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
შუამთაში ასევე სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა დასახელდა პრიორიტეტად, სოფელ ჭყვიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ, ნაპირამაგრის მშენებლობის პროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი.
დღესვე მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა ციხესულორშიც, აქ ადგილობრივებმა ჭალის საავტომობილო გზის დახრეშვა გადაწყვიტეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივები თავად შეარჩევენ საკუთარი სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტებს.
შეხვერდების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
#სოფლისმხარდაჭერა2023