ვანის მუნიციპალიტეტში, ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება გაიმართა.
დღეს დილით, მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ და მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ტიციანის ძეგლი გვირგვინით შეამკო. აქვე ვანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა მცირე ლიტერატურული პერფორმანსი, მოგვიანებით კი პოეტის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში, ასევე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, წარმოდგენილი იქნა ტიციან ტაბიძის შემოქმედებაზე შექმნილი ლიტერატურული ღონსძიება.
ტიციანი დაიბადა 1893 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში, მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძისა და ელისაბედ ფხაკაძის ოჯახში. პოეტმა განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც საკუთარ ბიძაშვილთან, გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად სწავლობდა, მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში.
სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან, ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
1937 წელს, საბჭოთა რეპრესიების დროს, ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს. ტიციანის სახელი დატანილია 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალზე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.