ვანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ვანის მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ვანში დასრულდა ქალაქის განახლების სამუშაოების მეორე ეტაპი.
პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფის ქუჩას, შეიცვალა საცხოვრებელი სახლის ღობეები , ჭიშკრები, მოეწყო ტროტუარები.ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სკვერს.
პროექტის შემდგომ ეტაპზე მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ქუჩების ნაწილი,დაირგო მარადმწვანე მცენარეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე კომერციული ფართების ფასადები, შეიცვალა სახურავები, ღობეები და ჭიშკრები. მოეწყო განათებები, სრულად განახლდა თავისუფლების ქუჩაზე მდება რე სკვერი. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკს. განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა, აღდგა ძველი გადმოსახედი კოშკი, მოეწყო დასასვენებელი ლოკაციები, როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის. დასრულდა თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სკვერისა და მასში განთავსებული შენობის რეაბილიტაცია, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და ტურიზმის ცენტრი განთავსდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.