სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია დღეს ძულუხის, სულორის, დიხაშხოსა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებთა მოთხოვნას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გარე განათების მოწყობა და სოფლის ცენტრში არსებული საწრეტი არხის რეაბილიტაცია წარმოადგენს.
სულორში მოსახლეობისთვის მთავარი მოთხოვნაა სასმელი წყლის მილების შეძენა და სოფლის ცენტრში საწრეტი არხის მოწყობა.
დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთულში მაცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ხიდის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის მილების შეძენა.
რაც შეეხება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ მოთხოვნას მინი სტადიონის რეაბილიტაცია და შიდა საუბნო გზების შეკეთება წარმოადგენს.
სოფლის საერთო კრებები კოვიდ პანდემიის გამო, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით წარიმართა.
მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, მოხდება აღნიშნულ პროექტებზე ხელშეკრულებების გაფორმება და დაიწყება დაგეგმილი პროექტების განხორციელება.