საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
სკოლის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის შენობის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასკოლო საზოგადოებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო პროცესის გაგრძელება მიულოცეს.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და პროექტის ღირებულება 3 404 429.40 ლარი შეადგენს.
სკოლა გათვლილია 200 მოსწავლეზე. სკოლის შენობა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს: სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის − მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ამჟამად სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარე მოედნის მოწყობა, რომელიც თებერვლის დასაწყისში დასრულდება.